ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სადირ ჯაფაროვმა გაიმარჯვა

ყირგიზეთის ნაციონალისტი პოლიტიკოსი სადირ ჯაფაროვი - რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ 10-წლიანი პატიმრობის სასჯელს იხდიდა, საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

დათვლილია თითქმის ყველა ბიულეტენი და ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ ჯაფაროვს ხმათა 79,2 პროცენტი ერგო.

არჩევნების პარალელურად ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩეველი მიემხრო საპრეზიდენტო სისტემას, რაც ჯაფაროვს უფლებამოსილებას გაუზრდის ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ. "ახლა ჩვენ ერთიანობა გვჭირდება", - განაცხადა ჯაფაროვმა და მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს.

დანარჩენი 16 კანდიდატიდან ჯაფაროვის მთავარ მეტოქეს, ადახან მადუმაროვს, ხმების 6,7 პროცენტამდე ერგო. კენჭისყრის პროცესში მნიშვნელოვანი დარღვევების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა, თუმცა მადუმაროვმა არჩევნების წინასწარ შედეგს უწოდა "რეალობისგან შორს მყოფი" და განაცხადა, რომ სამართლის მოპოვებას კანონიერი გზებით ეცდება.