პატიმარი, რომელიც 20 აგვისტოს, თავის არეში მიყენებული ჭრილობით კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, დაიღუპა. 28 წლის გურამ სვანიძეს ოპერაცია ჩაუტარდა და რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გამოძიების ინფორმაციით, გურამ სვანიძემ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან გლდანის ციხეში გადაყვანის დროს ერთ-ერთ ბადრაგს იარაღი წაართვა და თვითმკვლელობა სცადა. საგამოძიებო უწყებამ კადრებიც გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე გასროლაა ასახული.
ამასთან, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში" პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების საქმეზე, სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მე-3 განყოფილების ესკორტის ოფიცერი დააკავა.
ესკორტის ოფიცერი ვალერი გოზალიშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.