დროებით ოკუპირებულ ენერგოდარში ვითარება რომ „საშიშია“, ამაზე უკრაინული მხარე დიდი ხანია, საუბრობს. ეს შიში დღეს გააღვივა უკანასკნელმა ცნობებმა იმის შესახებ, რომ „ისტორიაში პირველად, რუსეთის მიერ დაბომბვამ ზაპორიჟიეს ატომური სადგური ქსელიდან გათიშა“.
ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ალექსანდრ სტარუხმა ევაკუაციის გეგმაზე ჯერ კიდევ 18 აგვისტოს ისაუბრა. სტარუხის თქმით, სამოქალაქო დაცვის ზომების სრულად განხორციელება რთულია, რადგან ტერიტორიის ნაწილი მტრის ძალებმა დაიპყრეს. დღესვე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევაკუაციის გეგმა კვლავ განიხილებოდა შესაბმისი სტრუქტურების მიერ.
ასეთ შემთხვევაში, საინტერესოა, რამდენი ადამიანის ევაკუაცია გახდება საჭირო. ამაზე სტარუხი 18 აგვისტოს საუბრობდა.
„ვითარება საშიშია არამხოლოდ ზაპოროჟიეს რეგიონისთვის. თუ გადავხედავთ სავალდებულო ევაკუაციის ზონას, ატომური ელექტროსადგურის შესაძლო ავარიის გამო, მაშინ საუბარია 200 000-ზე მეტ ადამიანზე ჩვენს რეგიონში და 200 000-ზე დნიპროპეტროვსკში. საუბარია ქალაქებზე: ნიკოპოლი, მარგანეცი, ენერგოდარი, ვასილივკა, დნიპროუდნე და სხვა“, - ამბობდა ოფიციალური წარმომადგენელი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი 25 აგვოსტოს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთის ქმედებებმა ატომურ ელექტროსადგურზე, ბირთვული ინციდენტის რისკი გაზარდა.
საერთაშორისო საზოგადოება რუსეთს დიდი ხანია, მოუწოდებს, რომ გაიყავნოს თავისი სამხედროები ატომური სადგურის ტერიტორიიდან. შესაბამის განცხადებას საქართველოც შეუერთდა.