ანალენა ბერბოკი მზადაა, რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლაზე შეზღუდვების საკითხი განიხილოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ მზადაა კომპრომისზე წასასვლელად, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლაზე, შეზღუდვების შემოღების საკითხი განიხილოს. 

კოპენჰაგენში, დანიელ კოლეგასთან ჯეპე კოფოდოფთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბერბოკმა თქვა, რომ გერმანიის კანცლერი და საგარეო საქმეთა სამინისტრო შეთანხმდნენ, რომ გადაწყვეტილებაში მთელი ევროპა უნდა იყოს ჩართული.

ბერბოკის განცხადებით, კანცლერი ოლაფ შოლცი ამ საკითხთან მიმართებით კატეგორიული არ ყოფილა.  

შოლცი აქამდე არ ემხრობოდა რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის აბსოლუტურ აკრძალვას. მისი თქმით, ამგვარი შეზღუდვები გაართულებს მათ დაშვებას, ვინც მოსკოვის უკრაინაში შეჭრას ეწინააღმდეგება.

ცნობისათვის, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ჩეხეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, მხარი დაუჭირა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზის აკრძალვას.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს ქვეყნებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტონ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოს დასაწყისში, Washington Post-ს განუცხადა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების დაკეტვაა, რადგან რუსები სხვებს ართმევენ მიწას”.