ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოში მოსმენების შესახებ კანონროექტი ნაჩქარევადაა მიღებული და დამატებით დამუშავებას საჭიროებს. ამის შესახებ აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ევროპის საბჭო ავრცელებს.
„კანონპროექტი, რომელიც ცვლის საქართველოს ფარული საგამოძიებო ღონისძიებების გამოყენების პროცედურას, მიღებულია ნაჩქარევად და მოითხოვს, როგორც ზემოქმედების შეფასებას, ასევე უფრო დეტალურ დასაბუთებას, ნათქვამია ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის იურიდიულ და საკონსტიტუციო ექსპერტთა გადაუდებელ მოსაზრებაში.
მოსაზრებაში გაკეთებულია დასკვნა, რომ საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმი არაადეკვატურია და საჭიროა არსებული ფარული თვალთვალის სისტემების ყოვლისმომცველი გადახედვა“, – ვკითხულობთ ევროპის საბჭოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე ინფორმაციით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 7 ივნისს მიიღო. ცვლილებებს შემდგომში ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის ადმინისტრაციამ ვენეციის კომისიისგან პირველ ივლისს გადაუდებელი მოსაზრება მოითხოვა.
„დასკვნა ხაზს უსვამს, რომ კომუნიკაციის თავისუფლება და კონფიდენციალობა ფუნდამენტური ღირებულებებია ნებისმიერ ლიბერალურ საზოგადოებაში. ამიტომ ფარული თვალთვალის ღონისძიებები უნდა იყოს ყურადღებით ფორმულირებული და ზუსტად განმარტებული სახელმწიფო უწყებებისა და სასამართლოების მიერ.
თუმცა, ამ შემთხვევაში, დასკვნა განსაზღვრავს ხარვეზებს კანონშემოქმედებითი პროცესის ხარისხთან დაკავშირებით, ფარული გამოძიებისთვის ნებადართული დანაშაულების შემოთავაზებულ სიას, ფარული გამოძიების ღონისძიებების ხანგრძლივობას, ასეთი ღონისძიებების შესახებ შეტყობინებებს და სასამართლო კონტროლისა და ინსტიტუციური ზედამხედველობის სისტემებს. დასკვნა რეკომენდაციას უწევს ფარული თვალთვალის ზედამხედველობის საერთო საკანონმდებლო ბაზის გადახედვას კანონპროექტში მოცემულ კონკრეტულ წინადადებებზე დისკუსიის დაწყებამდე“, – აღნიშნულია ევროპის საბჭოს ვებგვერდზე.
ამავე ინფორმაციით, მოსაზრება წარედგინება ვენეციის კომისიას დასამტკიცებლად მის მომავალ პლენარულ სხდომაზე, 2022 წლის 21-22 ოქტომბერს.