ექსკლუზივი
Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი, საქართველოში დაგეგმილი წვრთნების - „ღირსეული პარტნიორი 2022-ის“ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
შეერთებული შტატები სწავლების დაწყებამდე ორი დღით ადრე აცხადებს, რომ Noble Partner 22 (NP22) მისი მონაწილეების ურთიერთქმედების გაზრდას და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფას ემსახურება.
„მრავალეროვნულ წვრთნებს - Noble Partner 22 (NP22) (ღირსეული პარტნიორი) საქართველოს თავდაცვის ძალები და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმია ერთობლივად უძღვებიან. წვრთნები, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავებას და საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთქმედების გაზრდას, რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფას ემსახურება.
სხვადასხვა შესაძლებლობის ერთდროულად განლაგების დახმარებით, ბრძოლის ველზე დინამიკური ყოფნის უზრუნველყოფის პარალელურად, წვრთნები მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფის, სპეციალური ოპერაციების ძალების (SOF), აშშ -ს არმიის ძალების (აქტიური და ეროვნული გვარდიის) აშშ -ის საჰაერო ძალების (აქტიური და საჰაერო ეროვნული გვარდია),მოკავშირეებისა და პარტნიორების ტრენინგისა და ინტეგრაციის მხარდაჭერას.
მონაწილე დანაყოფებს პრაქტიკაში ეძლევათ ურთიერთქმედების შესაძლებლობა არამხოლოდ ერთმანეთთან, არამედ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთანაც.
ისეთი სამხედრო წვრთნები, როგორიცაა, Noble Partner 22 (ღირსეული პარტნიორი 22) (NP22) აუმჯობესებს ჩვენს უნარს, ტაქტიკურ დონეზე უზრუნველვყოთ მრავალეროვნული მისიის მართვა და კონტროლი.
Noble Partner 22 (NP22) ასევე იძლევა შესაძლებლობას, ოპერატიულად უზრუნველყოს ტრანსპორტირების, მხარდაჭერისა და სასწავლო ინფრასტრუქტურა მრავალეროვნული ოპერაციული სცენარის შემთხვევაში“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას - „ღირსეული პარტნიორი“ უკვე მეექვსედ უმასპინძლებს.
საქართველოში 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილ წვრთნებში შეერთებული შტატებიდან დაახლოებით, 2400 და კიდევ სხვა ქვეყნების სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას.
წელს პირველად სწავლების ისტორიაში, წვრთნებში იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მონაწილეობენ.