რუსეთის მხრიდან, პერიოდული დაბომბვის შედეგად, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში დაზიანებულია სადგურის ინფრასტრუქტურა, არსებობს წყალბადის გაჟონვისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაფრქვევის საშიშროება.
"სადგურის უკრაინელი პერსონალი მუშაობას აგრძელებს და "ყველა ღონეს" ხმარობს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე ზიანის შედეგების აღმოსაფხვრელად", - ამის შსახებ ინფორმაციას უკრაინული სახელმწიფო კომპანია "ენერგოატომი" ავრცელებს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომავალ კვირას არის დაგეგმილი.
ენერგეტიკის მინისტრის მრჩევლის ლანა ზერკალის თქმით, რუსული ძალები ცდილობენ, ხელი შეუშალონ ამ მისიის განხორციელებას.
უკრაინის სახელმწიფო ატომურმა კომპანიამ 25 აგვისტოს განაცხადა, ისტორიაში პირველად, რუსეთის მიერ დაბომბვამ ზაპორიჟიეს ატომური სადგური ქსელიდან გათიშა.
გვიან ღამით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ უკრაინის ელექტროქსელთან ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის კავშირი აღდგა.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურია. 4 მარტიდან ის რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.