ოფიციალური ანკარა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ ალჟირში გაკეთებული განცხადების გამო წუხილს გამოთქვამს. თურქეთის საგარეო უწყება ფრანგი ლიდერის სიტყვებს მიუღებელს უწოდებს.
„მიუღებელია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, რომელსაც ფრიკაში, განსაკუთრებით ალჟირში, თავის კოლონიურ წარსულთან დაპირისპირება უჭირს, ცდილობს, თავი დააღწიოს კოლონიური წარსულს სხვა ქვეყნების, მათ შორის ჩვენის დადანაშაულებით“, - აღნიშნავს უწყება.
თურქული მედიის ცნობით, ალჟირში სამდღიანი ვიზიტისას მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთიდან, ჩინეთიდან და თურქეთიდან წარმოშობილი ქსელები აფრიკაში „ანტიფრანგულ პროპაგანდას" ავითარებენ.
თურქეთის საგარეო უწყების განმარტებით, ანკარა ავითარებს ურთიერთობას როგორც ალჟირთან, ისე აფრიკის კონტინენტის სხვა ქვეყნებთან და ეს ურთიერთობები ურთიერთნდობას ეფუძნება.