გიორგი ბადრიძე: აზერბაიჯანის ჯარი ლაჩინში შევიდა, თუმცა მოსკოვს ბაქოსთვს ნებაყოფლობით არაფერი გადაუცია

დღეს, 26 აგვისტოს, აზერბაიჯანის არმია ქალაქ ლაჩინში შევიდა, რომელიც 1992 წლიდან არაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, იქ რუსი სამშვიდობოები განთავსდნენ. ახლა კი აზერბაიჯანმა ეს ტერიტორია ბოლომდე დაიბრუნა.

ამ ფაქტს, Europetime-თან საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი გიორგი ბადრიძე გამოეხმაურა. ექსპერტი ამბობს, რომ რუსეთს ნებაყოფლობით არაფერი გადაუცია აზერბაიჯანისთვის, ვითარება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის ფონზე შეიცვალა.

  • „რეალობა ისაა, რომ შექმნილ პირობებში რუსეთს არ გააჩნია იმის რესურსი, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს აზერბაიჯანს, რომელიც მოქმედებს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის საფუძველზე და სრულად იყენებს წლების განმავლობაში დაგროვილ სამხედრო და პოლიტიკურ სიძლიერეს“.

სამმხრივი შეთანხმების მიხედვით, რომელიც ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული 45- დღიანი ომის შემდეგ მოსკოვის შუამდგომლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა, კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობისმყოფელები განთავსდნენ, რომლებიც აკონტროლებდენ ლაჩინის კორიდორს, რაც სომხეთის რესპუბლიკას აკავშირებდა ყოფილ მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქთან.

ილჰამ ალიევის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების თანახმად, აზერბაიჯანის არმია დისლოცირებულია ქალაქ ლაჩინში. კონტროლს ექვემდებარება სოფლები ზაბუხი და სუსი.

მანამდე ბერძორის (ლაჩინი), აღავნოს (ზაბუხის) და ნერკინ სუს (სუს) თემების მცხოვრებლებმა სახლები დატოვეს. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ლაჩინის დერეფნის ახალი მარშრუტი, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან დააკავშირებს, მიმდინარე წლის სექტემბრის პირველ კვირაში ამოქმედდება. ამის შესახებ თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ჰაიკ ხანუმიანმა „არსენპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა

Europetime-თან საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი გიორგი ბადრიძე ამბობს, რომ საკვანძო მნიშვნელობის ექვსკილომეტრიანი გზის, ლაჩინის დერეფნის დაკავების შემდეგ აზერბაიჯანი უპირატეს მდგომარეობაშია. 

  • „ლაჩინის დერეფნის დაკავება აზერბაიჯანს მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს სომხეთთან მოლაპარაკებაში, რათა აიძულოს უკანასკნელი შეასრულოს უკვე მიღწეული შეთანხმება ზანგეზურის სატრანსპორტო დერეფნის თაობაზე, რომლითაც აზერბაიჯანი დაუკავშირდება ნახიჩევანს - თავის ექსკლავს“, - ამბობს ბადრიძე.

„ზანგეზურის დერეფანი“ სომხეთის ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანსა და თურქეთს დააკავშირებს ერთმანეთს. პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს. სომხეთი თვლის, რომ „ზანგეზურის დერეფნის“ იმ მონაკვეთზე, რომელიც სომხეთზე გაივლის სუვერენიტეტი უნდა ვრცელდებოდეს. ამ ეტაპზე მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ არაა დადებული, მაგრამ ბიზნეს სექტორის ნაწილი უკვე ემზადება „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნისათვის.

ამ მოვლენებამდე, ლაჩინის დერეფნის საპირწონედ, აზერბაიჯანული მხარე  ნახიჩევანის კორიდორის გახსნას ითხოვდა.

ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანის შემადგენლობაში, ტერიტორიული ექსკლავია. რესპუბლიკა აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით სომხეთს (საზღვრის სიგრძე 221 კმ), სამხრეთითა და დასავლეთით ირანს (179 კმ) და ჩრდილო-დასავლეთით თურქეთს (15 კმ) ესაზღვრება.