უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ელჩი დაიბარა

ბოსფორის სრუტის გავლით რუსული იარაღის გადაზიდვის გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ელჩი დაიბარა. შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის საგარეო უწყებამ გაავრცელა.

მისივე ცნობით, უწყებამ ელჩ იაგმურ აჰმეთ გიულდერესთან შეხვედრისას თავისი შეშფოთება დააფიქსირა. მინისტრის მოადგილემ ნიკოლაი ტოჩიცკიმ ელჩს ვერბალური ნოტა გადასცა.

მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ თურქული მხარე მკაცრად დაიცავს 2022 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებას რუსეთ-უკრაინის ომის დროს რუსული ხომალდებისთვის შავი ზღვის სრუტეების დახურვის შესახებ, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ თურქეთის თანმიმდევრული პოზიციის შესაბამისად.

კიევის ინფორმაციით, რუსეთმა სამოქალაქო სატვირთო გემი Sparta-II სირიის ბაზებიდან რუსეთში სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემების გადასატანად გამოიყენა.

უკრაინული მედია წერს, Sparta II კომპანია „ობორონლოგისტიკას“ ეკუთვნის, რომელსაც აშშ-მ მაისში სანქციები დაუწესა და რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აკონტროლებს. 

უკრაინამ 24 თებერვალს სთხოვა თურქეთს, დაეკეტა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული გემებისთვის, ამის შესახებ ანკარაში უკრაინის ელჩმა, მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსეთმა მეზობელზე საჰაერო და სახმელეთო თავდასხმები განახორციელა.

27 თებერვალს, თურქეთის საგანარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, თურქეთმა პირობა დადო, რომ განახორციელებს საერთაშორისო პაქტის ნაწილებს, რომლებიც პოტენციურად შეზღუდავს რუსული ხომალდების ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში შესვლას.

ამავე კომენტარში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველად, NATO-ს წევრი ქვეყნის - თურქეთის წარმომადგენელმა უკრაინაზე თავდასხმას ომი უწოდა.

„ის, რაც ახლა ხდება, არ არის რამდენიმე საჰაერო დარტყმა, სიტუაცია უკრაინაში ოფიციალურად ომია. ჩვენ განვახორციელებთ „მონტრეს კონვენციას“, - აცხადებდა მევლუთ ჩავუშოღლუ.

მისივე განმარტებით, თურქეთს არ შეუძლია შავ ზღვაში შესვლაში ხელი შეუშალოს რუსეთის ყველა გემს, ვინაიდან, კონვენციის თანახმად, არ შეიძლება იმ გემების შეკავება, რომლებიც საკუთარ ბაზებზე ბრუნდებიან.

ცნობისათვის, 1936 წლის შეთანხმების თანახმად, თურქეთს აქვს კონტროლი ბოსფორსა და დარდანელის სრუტეებზე და არეგულირებს საზღვაო ხომალდების ტრანზიტს. ის ასევე უზრუნველყოფს მშვიდობიან პერიოდში სამოქალაქო გემების თავისუფალ გადაადგილებას და ზღუდავს იმ გემების გადაადგილებას, რომლებიც არ მიეკუთვნებიან შავი ზღვის ქვეყნებს.

„მონტრეს საერთაშორისო კონვენციის თანახმად, NATO-ს წევრი თურქეთი აკონტროლებს გემების გადასასვლელს ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვას შორის, რაც მას პოტენციურ საკვანძო მოთამაშედ აქცევს რუსეთსა და უკრაინას შორის ნებისმიერ სამხედრო კონფლიქტში“.