გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 14 ექსპერტისგან შემდგარი მისია კიევშია.
The New York Times-ის ცნობით, ექსპერტები ვითარების შესწავლას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სავარაუდოდ, ხვალიდან დაიწყებენ.
CNN-ის კორესპონდენტები იუწყებიან, რომ მათ ნახეს IAEA-ს მისიის წევრები კიევის ერთ-ერთ სასტუმროში. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში სააგენტოს ექსპერტები ორშაბათს გვიან ღამით ჩავიდნენ.
IAEA-ს მისიას ხელმძღვანელობს და კურირებს სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი, რომელიც აიმედოვნებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარებას გაეცნობა.
ბოლო კვირების განმავლობაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რეგულარულად იბომბება, რაშიც უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. რუსეთის არმიამ სადგურზე თავისი ტექნიკა და იარაღიც განათავსა.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია. 4 მარტიდან ის რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.