ლიბანი Covid-19-ის შემთხვევების მკვეთრი მატების ფონზე შეზღუდვებს ამკაცრებს

ლიბანმა გაამკაცრა კორონავირუსის ახალი ზომები 11 დღის განმავლობაში სრული კარანტინის დაწესებითა და მოგზაურობის ახალი შეზღუდვების შემოღებით. ინფორმაციას France 24 აქვეყნებს.

უახლესი შეზღუდვები მას შემდეგ შევიდა ძალაში, რაც ოფიციალურმა პირებმა და ჯანდაცვის სპეციალისტებმა გააფრთხილეს მოსახლეობა, რომ საავადმყოფოებში რესურსი იწურება, რის გამოც ბევრ ინფიცირებულს ლოდინი უწევს. ქვეყანაში კარანტინი 7 იანვრიდან მოქმედებს.

ნებისმიერი ადამიანი ჟურნალისტების, ჯანდაცვის მუშაკების, კვების ობიექტზე მომუშავეებისა და სხვა აუცილებელ სფეროებში დასაქმებულთა გარდა ვალდებულია, სახლში დარჩეს.

საზღვაო და სახმელეთო საზღვრები ჩაიკეტება ყველა მოგზაურისთვის, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც აქვთ მოქმედი სატრანზიტო ვიზა.

კერძო საავადმყოფოები ვალდებულნი იქნებიან, გააფართოონ ინტენსიური თერაპიის განყოფილებები, რომლებიც კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს ეთმობათ, დაძაბული სახელმწიფო სექტორის დასახმარებლად“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ლიბანის სახელმწიფო ავრცელებს.

კორონავირუსის ახალი შტამი უკვე მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ლიბანშიც დაფიქსირდა.