BBC ცნობით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ზოგი ექსპერტი ქარხანაში 3 სექტემბრამდე დარჩება.
მისია ამის შემდეგ ტერიტორიაზე მუდმივი სადამკვირვებლო მისიის ყოფნის საკითხს განიხილავს.
„ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ვიზიტს ზაპოროჟიეს სადგურზე, რომელსაც ასე დიდხანს ველოდით. ახლახან დავასრულე პირველი ტური სადგურის მნიშვნელოვან ადგილებში, რომელთა ნახვაც გვსურდა პირველი შესვლის დროს. ცხადია, აქ მეტია გასაკეთებელი. ჩემი გუნდი ადგილზე რჩება. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ აქ მუდმივ ყოფნას გავუწევთ ორგანიზებას“, – განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა.
კომენტარი გაკეთდა უკრაინის ხელისუფლების მხრიდანაც.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ პირველ სექტემბერს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ორსაათნახევარი გაატარა, რაც საკმარისი არ იყო ორგანიზაციის ინსპექტორებისთვის, რომ ბირთვულ ობიექტზე ვითარება სრულად შეეფასებინათ.
მისი თქმით, მისია ზაპოროჟიეში ჩასული იყო, რათა შეემოწმებინა, არის თუ არა რაიმე საფრთხე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მხრივ.
„ასე რომ, უცნაურია, რომ ის იქ მხოლოდ ორი საათის განმავლობაში დარჩა“, - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.