გაიკეთებენ თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას სასულიერო პირები, ამ საკითხს წმინდა სინოდის სხდომაზე გადაწყვეტენ.
ამის შესახებ Europetime-ს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი როდის დაინიშნება სინოდის სხდომა.
„ჩვენ ჯერ არ ვიცით ბევრი არაფერი. არც პროცედურის შესახებ. ძალიან ამორფულია სიტუაცია. ვერ გეტყვით ვერაფერს. არაფერი არ ვიცი. ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯერ არ ყოფილა ისეთი მსჯელობა, რომელიც საერთო აზრს შეკრებდა. არსებობს რაღაც ცალკეული მოსაზრებები, თუმცა კონკრეტულად ვერაფერს ვერ გეტყვით იმიტომ, რომ არ ვიცით საპატრიარქოს უმაღლეს ორგანოში რა გადაწყდება. თუმცა ჯერჯერობით, სინოდის გადაწყვეტილებამდე ნებაყოფლობითი ვაქცინაცია ვისაც სურს, გაიკეთებს. ვისაც სურს - არა“, - განუცხადა Europatime-ს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.
„ქედის მოხრით მივმართავ საპატრიარქოს, სახალხოდ ერთად გავიკეთოთ ვაქცინა, რათა ადამიანები დავარწმუნოთ, რომ ეს უსაფრთხოა“, - ამის შესახებ დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო კახაძემ განაცხადა.
საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა. ინფრომაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.