IAEA-ს ხელმძღვანელი, რომელმაც ხუთშაბათს რამდენიმე საათი გაატარა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში, პირველ შეფასებებს აკეთებს. მისი თქმით, ცხადია, რომ რამდენჯერმე დაირღვა ელექტროსადგურის ფიზიკური მთლიანობა.
„ასე გაგრძელება არ შეიძლება“, - განუცხადა რაფაელ გროსიმ ჟურნალისტებს, როდესაც უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ბრუნდებოდა.
„ჩვენ არსად მივდივართ. ინსპექტორები იქ დარჩებიან", - განაცხადა გროსიმ.
მისი თქმით, ექსპერტები უზრუნველყოფენ მიუკერძოებელ, ნეიტრალურ, ტექნიკურად გამართულ შეფასებას იმის შესახებ, თუ რა ხდება ZNPP-ზე.
„პრობლემა, რომელიც მსოფლიო საზოგადოებას ძალიან აწუხებს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვაა, რამაც შესაძლოა, ქარხანა დააზიანოს და რადიაციული დაბინძურების გაჟონვა გამოიწვიოს.
გროსის თქმით, ის შეესწრო სროლებს.
„აშკარაა რომ ისროდნენ: ტყვიამფრქვევი... ნაღმტყორცნები. ეს მართლაც ძალიან შემაშფოთებელი იყო ყველა ჩვენგანისთვის", - განაცხადა IAEA-ს ხელმძღვანელმა.
14-კაციანი გუნდის ექვსი წევრი ბირთვულ ობიექტზე დარჩება.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ პირველ სექტემბერს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ორსაათნახევარი გაატარა, რაც საკმარისი არ იყო ორგანიზაციის ინსპექტორებისთვის, რომ ბირთვულ ობიექტზე ვითარება სრულად შეეფასებინათ.
მისი თქმით, მისია ზაპოროჟიეში ჩასული იყო, რათა შეემოწმებინა, არის თუ არა რაიმე საფრთხე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მხრივ.
„ასე რომ, უცნაურია, რომ ის იქ მხოლოდ ორი საათის განმავლობაში დარჩა“, - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.
უკმაყოფილება გამოხატა ქვეყნის პრეზიდენტმაც. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამწუხაროდ, ატომური ენერგიის სააგენტოს მისიამ არ მოახდინა საკმარისი ზეწოლა რუსებზე, რომ დამოუკიდებელი მედია ელექტროსადგურზე შესულიყო.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ცდილობს, ინსპექტორების ვიზიტი უშედეგო ტურად აქციოს.
მისივე თქმით, უნდა მოხდეს ქარხნის ტერიტორიის დემილიტარიზაცია, რაც უკრაინის და საერთაშორისო ძალისხმევის მიზანია.
უკრაინას აქვს მოლოდინი, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია არამხოლოდ შეისწავლის ვითარებას ზაპორიჟჟიას ატომურ ელექტროსადგურზე, არამედ დააყენებს მოთხოვნებს ტერიტორიის დემილიტარიზაციის შესახებ.
პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინულ მხარეს სურს, რომ IAEA-ს მისია გენერალური დირექტორის გროსის ხელმძღვანელობით შევიდეს ატომურ ელექტროსადგურზე და ყველაფერი გააკეთოს გლობალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ IAEA-მ და გაერომ დააყენონ მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს დემილიტარიზებული ზონის შექმნას.