G7-ის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ დეკემბრიდან რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტი შემოიღონ.
დიდი შვიდეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ოფიციალურად დაუჭირეს მხარი გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკულ ბაზარზე ზეწოლის შემსუბუქებას, ხოლო მოსკოვის საერთო შემოსავლების შემცირებას, იტყობინება Bloomberg.
მანამდე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროპამ მილსადენებით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარი უნდა შემოიღოს.
პარალელურად, რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ თუ ევროპა მილსადენით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარს დააწესებს, რუსეთი ევროპას გაზის მიწოდებას შეუჩერებს.
ინფორმაციისთვის, G7 წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ამ ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები ყოველწლიურ სამიტებზე შეხვედრისას აყალიბებენ ერთობლივ პოზიციებს გლობალური პოლიტიკის საკითხებზე. ძირითადი აქცენტი მოიცავს გლობალურ ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.