რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესების შესახებ, G7-ის ქვეყნების გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი მიესალმა. ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ პარტნიორებს გაზის ფასთან დაკავშირებითაც ანალოგიური ნაბიჯისკენ მოუწოდებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ასეთი ნაბიჯი შეზღუდავს შემოსავლების ნაკადს მოსკოვში და აღადგენს სამართლიანობას ყველა ევროპელისთვის, რომელთა შანტაჟს რუსეთი ხელოვნურად გაბერილი ფასებით ცდილობს.
„უკრაინის დაცვა ევროპისა და მთელი დემოკრატიული სამყაროს დაცვაა. სწორედ ამ გადმოსახედიდან უნდა განვიხილოთ დღეს დიდი შვიდეულის მიერ შეთანხმებულ გადაწყვეტილებას, რუსულ ნავთობზე ფასის შეზღუდვის შესახებ. როდესაც ეს მექანიზმი ამოქმედდება, ის გახდება ცივილიზებული სახელმწიფოების, ენერგობაზრების და რუსეთის ჰიბრიდული საფრთხისგან დაცვის მნიშვნელოვანი ელემენტი. რა თქმა უნდა, აუცილებელია რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვრის დაწესება.
მადლობელი ვარ ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის, რომელმაც ეს დღეს თქვა. რუსეთს უნდა დაუწესდეს ისეთი სანქციები, რომლებიც არამხოლოდ შეზღუდავს ნავთობიდან და გაზიდან შემოსავლების მიღებას, არამედ აღადგენს სამართლიანობასაც ყველა ევროპელისთვის, რომელთა შანტაჟს რუსეთი ენერგობაზარზე ხელოვნურად გაბერილი ფასებით ცდილობს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, G7-ის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ დეკემბრიდან რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტი შემოიღონ.
დიდი შვიდეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ოფიციალურად დაუჭირეს მხარი გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკულ ბაზარზე ზეწოლის შემსუბუქებას და მოსკოვის საერთო შემოსავლების შემცირებას, იტყობინება Bloomberg.
მანამდე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპამ მილსადენებით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარი უნდა შემოიღოს.
პარალელურად, რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა თქვა, რომ თუ ევროპა მილსადენით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარს დააწესებს, რუსეთი ევროპას გაზის მიწოდებას შეუჩერებს.