ჩვენ დღეს ვიწყებთ მე ვიტყოდი, უნიკალური, მსოფლიო სტანდარტების შესაბამის პროექტს, რომელიც მართლაც გამორჩეულია ჩვენს რეგიონში. ეს არის პროექტი, რომელიც მოიცავს ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ამბასადორ ბათუმი აილენდის“ მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ პროექტში მინიმუმ $100 მილიონი დაიხარჯება და 2000 ადგილობრივი დასაქმდება.
„მინდა ყველას დიდი პატივისცემით მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ვინაიდან, ჩვენ დღეს ვიწყებთ მე ვიტყოდი, უნიკალური, მსოფლიო სტანდარტების შესაბამის პროექტს, რომელიც მართლაც გამორჩეულია ჩვენს რეგიონში. ეს არის პროექტი, რომელიც მოიცავს ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულს, ასევე აშენდება ერთი კუნძული, რომელიც გააერთიანებს გასართობ-გამაჯანსაღებელ, სპორტულ, საგანმანათლებლო კომერციულ საცხოვრებელ ტურისტულ მიმართულებებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი ხელს შეუწყობს ბათუმის ისედაც ძლიერი საერთაშორისო რეპუტაციის ზრდას და აჭარის ეკონომიკურ წინსვლას.
მე მინდა მივესალმო პროექტის ინიციატორს და ჩვენს ინვესტორს, „ამბასადორი ჯგუფის“ ხელმძღვანელს, ბატონ ქებურიას და მის ოჯახს. მინდა მადლობა გადავუხადო „ამბასადორი ჯგუფს“, ვინაიდან ამ კომპანიას მრავალი ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს უკვე განხორციელებული და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მართლაც უნიკალური პროექტები აქვთ შექმნილი, მათ შორის თბილისში, კახეთში, აჭარაში და ახლა უკვე ასეთია ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის უნიკალური პროექტი. ასე, რომ მადლობა ინვესტორს. ამ პროექტში მინიმუმ 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება. საწყის ეტაპზე ასეა დაანონსებული და დასაქმდება 2000 ადგილობრივი ჩვენი მოქალაქე“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, მშენებლობის ნებართვის გაცემამდე კომპანიამ და მისმა დამფუძნებელმა, ყველა, პროცედურა გაიარეს, გაატარეს ამ პროექტის ექსპერტიზა, ჩართული ჰყავდათ შესაბამისი კვლევითი ინსტიტუტები და პროექტი უმაღლესი კლასის პროფესიონალებმა შეაფასეს.
„ზოგადად მე მინდა ვთქვა რომ ჩვენ ეს პროექტი შეესაბამება ეკოლოგიურ და უსაფრთხოების სტანდარტებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბათუმელებისთვის, ჩვენი აჭარლებისთვის. კიდევე ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო „ამბსადორ ჯგუფს“, პროექტის ავტორებს, ინიციატორებს. ეს მართლაც უნიკალური პროექტი ჩვენ ყველას გვახარებს. მე მინდა ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ამ ჯგუფს და სრული მხარდაჭერა გამოგიცხადოთ”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.