თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთის ხელისუფლრბას მოუწოდა, რომ ისტორიის გაკვეთილებიდან დასკვნები გააკეთონ. „თუ განაგრძობთ ახლანდელ კურსს [პროვოკაციებს], მძიმე ფასს გადაიხდით. მინდა ათენს ვუთხრა: არ დაივიწყოთ იზმირი.“
თურქეთის ლიდერმა გაიხსენა 100 წლის წინანდელი გამარჯვება, როდესაც საბერძნეთის ჯარები ანატოლიის ოკუპირებული მიწებიდან, მათ შორის იზმირიდან, მუსტაფა ქემალ ათათურქის მეთაურობით არმიამ განდევნა.
„თქვენ მიერ კუნძულების ოკუპაცია ჩვენ არ გვზღუდავს. როდესაც დადგება დრო, საათი, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა“, – განაცხადა ერდოღანმა.
მანამდე ერდოღანმა არაერთხელ დაადანაშაულა საბერძნეთი ეგეოსის ზღვაში მდებარე დემილიტარიზებული კუნძულების შეიარაღებაში, რასაც ათენი უარყოფს, თუმცა ერდოღანს საბერძნეთი მანამდე ოკუპაციაში არ დაუდანაშაულებია.
ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულები საბერძნეთს 1923 და 1947 წლების შეთანხმებებით გადაეცა, მხოლოდ იმ პირობით, რომ არ მოახდენდა ამ კუნძულებზე შეიარაღების განთავსებას.
Reuters-ის ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეჭვქვეშ დააყენებს კუნძულებზე საბერძნეთის სუვერენიტეტის საკითხს, თუ ათენი მათ შეიარაღებას განაგრძობს.