ბულგარეთი რუსი ტურისტებისთვის სავიზო მოსაკრებელს აორმაგებს

ბულგარეთი რუსი ტურისტებისთვის სავიზო მოსაკრებელს ორჯერ ზრდის. ამის შესახებ ქვეყნის ტურიზმის მინისტრმა ილინ დიმიტროვმა განაცახდა. 

მისივე თქმით, ევროკავშირის გადაწყვეტილების შესაბამისად, სოფია გააუქმებს სხვადასხვა შეღავათს სავიზო გადასახადზე, რომლითაც რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში შესვლისას სარგებლობენ. ამრიგად, რუსი ტურისტებისთვის სავიზო მოსაკრებელი 35 ევროდან 80 ევრომდე გაიზრდება.

პოლიტიკური შეთანხმება რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების სრულად შეჩერების შესახებ მიღწეულია, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა 31 აგვისტოს განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა ევროკავშირს აქტიურად მოუწოდებდა, წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე რუსი ტურისტების შესვლა აეკრძალა.