პოლონეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა მინიმუმამდე შეზღუდა

პოლონეთმა უკვე შეზღუდა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის მოქალაქეების ევროკავშირში შესვლის აკრძალვას.

მისი თქმით, პოლონეთი უკვე „დიდი ყურადღებით აანალიზებს რუსების სავიზო განაცხადს“.  მორავეცკი აცხადებს, რომ  უკვე დღეს „რუსეთიდან  გადაჭარბებული ვიზიტები აღარ ფიქსირდება და მინიმუმამდე შემცირდა.

„ჩვენ ომში ვართ, ეს საგანგებო მდგომარეობაა, ჩვენს აღმოსავლეთ საზღვრებს მიღმა ომია და ამიტომ, რუსმა აგრესორმა თავისი ქმედების შედეგები უნდა იგრძნოს. მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში სასტიკ დანაშაულებს ჩადის, მის მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეუძლიათ ისე, თითქოს არაფერი მომხდარა - ეს არასწორია", - თქვა მორავიეცკიმ.

პოლიტიკური შეთანხმება რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების სრულად შეჩერების შესახებ მიღწეულია, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა 31 აგვისტოს განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა ევროკავშირს აქტიურად მოუწოდებდა, წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე რუსი ტურისტების შესვლა აეკრძალა.