გაერთიანებული სამეფოსა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დომინიკ რააბმა და ფრანსუა-ფილიპ შამპანმა, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთება გამოხატეს და მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
„კანადა და გაერთიანებული სამეფო შეშფოთებულები არიან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონის ურთიერთშეხების ხაზზე მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების გამო. ასევე ძალიან შემაშფოთებელია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან. მოვუწოდებთ მხარეებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პატივისცემისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვისკენ. კონფლიქტის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით მინსკის ეუთოს ჯგუფის ფორმატში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთოს მინსკის ჯგუფის მუშაობას“, - ნათქვამია დომინიკ რააბისა და ფრანსუა-ფილიპ შამპანის ერთობლივ განცხადებაში.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან. მხარეები ცეცხლის გახსნასა და სიტუაციის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.