გერმანიის კანცლერმა რუსეთს ენერგოსექტორში არასანდო პარტნიორი უწოდა.
ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა განაცხადა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ევროპისთვის Nord Stream 1 მილსადენით გაზის მიწოდება შეწყვიტა. მისი თქმით, გერმანიას მომავალი წლისთვის საკმარისი ენერგია ექნება.
„მთავრობამ ზამთრის კრიზისის თავიდან ასაცილებლად, დროული გადაწყვეტილებები მიიღო.
ჩვენ გადავლახავთ ამ ზამთარს", - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
„გაზპრომმა“ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაუმართაობის გამო, ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა.
საპასუხოდ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „გაზპრომის“ ნაბიჯი გასაკვირი არ იყო.
„გაზპრომის ნაბიჯი, სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის. გაზის იარაღად გამოყენება არ შეცვლის ევროკავშირის გადაწყვეტილებას. ჩვენ დავაჩქარებთ ჩვენს გზას ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ. ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მხარი დავუჭიროთ უკრაინის თავისუფლებას“, - წერდა შარლ მიშელი Twitter-ზე.