რუსეთმა ევროპისთვის ჩრდილოეთ ნაკადის მთავარი მილსადენით გაზის მიწოდება შეწყვიტა. კომპანია „გაზპრომი“ ერთ-ერთი სადგურის აგრეგატზე ჩასატარებელ ტექნიკურ სამუშაოზე მიუთითებს და ამბობს, რომ გაზის მიწოდება 3 სექტემბრის 04:00 საათამდე შეწყდება.
თუმცა ევროკავშირი გაზპრომს სანდო მიმწოდებლად აღარ თვლის და ცივი ზამთრისთვის მომზადებას ჩქარობს.
„აშკარაა, რომ რუსეთი გაზს იარაღად იყენებს ამ ომში. ჩვენ უნდა მოვემზადოთ გაზის სრული შეწყვეტის ყველაზე უარესი სცენარისთვის", - განაცხადა საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა აგნეს პანიერ-რუნაშემ სამშაბათს რადიო France Inter-ის ეთერში.
მანამდე, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა განაცხადა, რომ მოახლოებულ ზამთარში ენერგოდეფიციტის პირობებში ენერგიის მოხმარება უნდა შემცდირდეს.
ომამდე რუსული იმპორტი ევროპაში დაახლოებით 40%-ს შეადგენდა. ახლა ეს წილი 25%-მდე შემცირდა, ვინაიდან მიმდინარე მიწოდება არ აღემატება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საშუალო მოცულობის მესამედს.
„რუსული გაზის სწრაფად ჩანაცვლება შეუძლებელია. ბაზარზე უბრალოდ არ არის უფასო ნედლეული: ყველა არსებული ალტერნატიული მიმწოდებელი, როგორიცაა კატარი, ნორვეგია ან აშშ, ვერ ახერხებენ, სწრაფად გაზარდონ წარმოება. მაშინაც კი, თუ მილიარდები ჩაიდება ახალი საბადოების განვითარებაში, კომერციული წარმოება სავარაუდოდ, 10-15 წელიწადში დაიწყება“, - წერს BBC.
მიუხედავად ამისა, ევროკავშირის ქვეყნებმა მიწისქვეშა გაზის საწყობების მარაგების ვადაზე ადრე შევსება მოახერხეს. ახლა ისინი შარშანდელ მაჩვენებელს მეოთხედით აღემატება და ზოგადად თითქმის 80%-ით არის სავსე.
ევროკომისიის საგაზაფხულო გეგმა გადამეტებით შესრულდა. ამჟამინდელი რეზერვები მხოლოდ შედარებით ნაკლებად ცივი ზამთრისთვის იქნება საკმარისი და მალევე დადგება მომავალი ზამთრისთვის საწყობების შევსების საკითხი. ევროპელებს დიდი ხანია სჯერა, რომ კრემლი ნებისმიერი საბაბით სრული გათიშვისთვის ემზადება.
გაზპრომის გულწრფელობის არც ბრიუგელის კვლევითი ცენტრის ეკონომისტს და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორს სჯერა.
მისი აზრით, მთავარი სცენარი რუსული გაზის მიწოდების ნულამდე შემცირებაა.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით