თბილისის შემოგარენში, ხანძრის რამდენიმე აქტიური კერა ფიქსირდება. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარია ნაფეტვრების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლი ტყის მასივს უკიდია. ამასთან, ხანძარია წავკისში. ასევე, წყნეთში, კაკლების დასახლებაში.
როგორც იუწყებიან, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.
გარდა ამისა, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის პირადი შემადგენლობა და ტერიტორიული რეზერვის 201-ე და 202-ე ბატალიონის ასეულები სოფელ შილდის მიმდებარედ ტყის მასივის ხანძრის ქრობის სამუშაოს განაგრძობენ.
„სამხედრო მოსამსახურეები და რეზერვისტები სამუშაოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებთან აქტიურ კოორდინაციაში ახორციელებენ.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობა ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე.
რეზერვისტებსა და პირად შემადგენლობას გავლილი აქვს კრიზისებზე რეაგირების სპეციალური მოსამზადებელი კურსი და აღჭურვილია საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ინვენტარით.
ყვარლის მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით, ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, თავდაცვის ძალები პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე ჩაერთო“, - იუწყება თავდაცვის სამინისტრო.