უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ბერლინში ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრის ოფისი იუწყება.
შმიგალის თქმით, გერმანია არის უკრაინის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ევროპაში.
„ჩვენ მივიღეთ 2,4 მილიარდი ევრო ევროკავშირისგან და ველოდებით კიდევ 8 მილიარდს მაკროფინანსურ დახმარებას. აქედან 5 მილიარდი - უახლოეს მომავალში. ამ საკითხში გერმანიაც აქტიურად გვეხმარება", - აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.
მისი თქმით, ახალი იარაღის მიწოდების საკითხი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო და „არსებობს საერთო ხედვა მძიმე იარაღის მიწოდების გაზრდის აუცილებლობის შესახებ“.
შმიგალმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა ევროპის წინააღმდეგ ენერგეტიკული ომი გააჩაღა.
„გერმანია არის უკრაინის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ევროპაში. ფედერალურ კანცლერთან ოლაფ შოლცთან შეხვედრისას განვიხილეთ ფინანსებთან, იარაღთან, უკრაინის აღდგენასთან, სანქციებთან, ენერგეტიკულ კრიზისთან და გათბობის სეზონთან დაკავშირებული საკითხები", - განაცხადა შმიგალმა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გერმანიამ უკრაინას ჯამში 1,4 მილიარდი ევრო გადასცა.