უკრაინის პრეზიდენტმა შტაბთან გამართული შეხვედრისა და მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შესახებ ვიდეომიმართვისას ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინელ სამხედროებს, რომლებმაც მისი თქმით, შედეგი უზრუნველყვეს.
„დღეს უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გავმართე. მიუხედავად იმისა, რომ კვირაა, ომის დროს, დასვენების დღეები არ არის. შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოპერატიული ზონების მეთაურებმა და დაზვერვის უფროსმა კარგი ანგარიშები წარმოადგინეს.
მინდა, მადლობა გადავუხადო 103-ე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 63-ე ბატალიონის მეომრებს, რომლებმაც შედეგი უზრუნველყვეს დონეცკის რეგიონში: დასახლება გათავისუფლდა.
ლისიჩანსკ-სივერსკის მიმართულებით 54-ე ბრიგადამაც კარგი ნაბიჯები გადადგა, დაწინაურდა და გარკვეული სიმაღლეები დაიბრუნა.
ასევე მინდა აღვნიშნო 42-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბატალიონის გმირული მოქმედებები, რომლის შედეგად, ჩვენი ქვეყნის სამხრეთით, ორი დასახლება გათავისუფლდა.
მჯერა, რომ უკრაინის დროშა და თავისუფალი ცხოვრება ყირიმს ისევ დაუბრუნდება. ჩვენ გავათავისუფლებთ მთელ ჩვენს მიწას, მთელ ჩვენს ხალხს. ყველა ხედავს, რომ ოკუპანტებმა უკვე დაიწყეს ყირიმიდან გაქცევა. ეს არის სწორი არჩევანი ყველა მათგანისთვის. უკრაინის შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვა, სპეცსამსახურები ამისთვის უკვე დგამენ საჭირო ნაბიჯებს. ყველა ხედავს, რომ ოკუპანტები ყირიმიდან უკვე გარბიან.
ჩვენ დავუბრუნებთ თავისუფლებას ყირიმს, ყირიმში მყოფ ყველა ჩვენს ხალხს და აუცილებლად ვაქცევთ ყირიმს ერთ-ერთ საუკეთესო, ყველაზე კომფორტულ ადგილად ევროპაში. ყირიმი ამას იმსახურებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის გათავისუფლებული სოფლების სახელები არ დასახელებულა, რამდენიმე საათით ადრე, ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ფოტო, რომელზეც უკრაინელი ჯარისკაცები ვისოკოპოლეში უკრაინის დროშას აღმართავდნენ.
სამხედროებმა ასევე გამოაქვეყნეს სოფელ ოზიორნოეში უკრაინელი ჯარისკაცების შესვლის ვიდეო.