ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია. ამის შესახებ BBC წერს.
ქვეყნის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ახალი ხელმძღვანელი და შესაბამისად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა.
ლიზ ტრასმა მოქმედი ხმების 57% მიიღო. აქტივობა მაღალი იყო. საგარეო საქმეთა მოქმედ მინისტრს პარტიის 173 000-მდე წევრიდან 81 326-მა დაუჭირა მხარი. მისმა მეტოქემ, ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, რიში სუნაკმა კი 60 399 ხმა მიიღო.
ტრასი, რომელიც ჯონსონის ადმინისტრაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ტერეზა მეისა და მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ ბრიტანეთის მესამე ქალი პრემიერი იქნება.
7 ივლისს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. 11 ივლისს კი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ის კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტზე კენჭს იყრიდა.