ელჩ კელი დეგნანისადმი ვაშინგტონის მხარდამჭერი გზავნილი თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ კარა მაკდონალდმაც ჩამოიტანა. ამ შინაარსის კომენტარი მან მედიასთან, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გააკეთა.
„ავტორიტარიზმს ყველაზე მეტად სწორედ ერთიანობის ეშინია და სწორედ ერთიანობაა, რომელიც საქართველოს, ხალხის მიერ დასახული მისწრაფებებისკენ სვლაში სჭირდება. ასევე მინდა ვახსენო და ნამდვილად შევაქო ჩვენი საელჩო საქართველოში.
ამ ერთიანობის მისაღწევად ელჩი დეგნანი და მისი გუნდი შეხვდა საზოგადოების ფართო სპექტრს: სამოქალაქო სექტორს, ბიზნეს ლიდერებს, მთავრობას, პარლამენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ელჩს ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აქვს.
ელჩმა დეგნანმა და მისმა გუნდმა შესანიშნავად იმუშავეს და ჩვენც ამას მოვუწოდებთ მთავრობასაც, რომ შექმნან ერთიანობა. მთავრობას ამ ერთიანობის მიღწევაში განსაკუთრებული როლი აკისრია. ასე რომ, არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან. ასეთი შესაძლებლობები ყოველთვის არ ჩნდება.
არ ვიცით, კიდევ როდის გაჩნდება ეს შანსი. არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა და გადადგით ნაბიჯები, სერიოზულად მიუდეგით 12 პუნქტის შესრულებას და მიიყვანეთ ბოლომდე ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის“, - განუცხადა მაკდონალდმა ჟურნალისტებს.
კელი დეგნანისადმი მხარდაჭერა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 21 ივლისს, მას შემდეგ დააფიქსირა, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ელჩი გააკრიტიკეს. ნედ პრაისმა თავისი ყოველდღიური ბრიფინგი სწორედ ხსენებული თემით გახსნა.