Europetime-თან ექსკლუზიურად, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა ისაუბრა უკრაინაში ომსა და მის გავლენებზე საქართველოზე.
ჯონ ჰერბსტი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და უკრაინის პრობლემები ინდენტურია, კრემლი იმპერიულ მიზნებს არ ცვლის და იგივე პოლიტიკას მიმართავს ორივე ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ჯონ ჰერბსტი უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელებას არსებითად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, დარწმუნებულია, რომ ეს შედეგს მოიტანს, უკრაინა გაიმარჯვებს, ამას კი თავის მხრივ, გავლენა ექნება საქართველოზე.
„საქართველოს იგივე პრობლემა აქვს, რაც უკრაინას. კრემლი თავის იმპერიულ პოზას ინარჩუნებს. ვფიქრობ, დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი არსებითად მნიშვნელოვანია და მჯერა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, ხოლო უკრაინის გამარჯვება კი, დადებითად აისახება რუსეთის ყოფნაზე საქართველოს ტერიტორიებზე. ეს იქნება მოსკოვის იმპერიული საგარეო პოლიტიკის აშკარა მარცხი და ეს დამარცხება შესაძლოა, კრემლის მხრიდან საქართველოში მისი პოლიტიკის გადახედვას მოიცავდეს.
პოლიტიკის გადახედვა ნაწილობრივ, უკრაინაში მათი დამარცხებით იქნება გამოწვეული, მაგრამ ასევე იმის გამოც, თუ რა გავლენა ექნება ამ მარცხს რუსეთის რესურსებზე, მის საგარეო პოლიტიკასა და პოზიციაზე მთელ მსოფლიოში. მოგეხსენებათ, 2008 წელს, მოსკოვის საქართველოში შემოჭრა, შემდეგ, 2014 და 2022 წლებში უკაინაში შეჭრა, მოსკოვის მიერ წარმოებული იგივე პოლიტიკის შედეგია“.
ჯონ ჰერბსტის აზრით, ომი შესაძლოა, წლობით გაგრძელდეს. აქედან გამომდინარე, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
„ვიცი, პუტინი მაინც ფიქრობს, რომ მას შეუძლია გაიმარჯვოს. თუ უკრაინას მივაწვდით ყველა საჭირო იარაღს, ვფიქრობ, რომ რუსეთის პოზიცია სამხრეთსა და აღმოსავლეთში ძალიან სწრაფად გაუარესდება“, - აღნიშნავს ჯონ ჰერბსტი.
ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება თითქოს დისტანცირებულია უკრაინასთან და ამავე დროს, უცნაურ პოზიციას იკავებს ამერიკის საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით.
„გვესმის გარკვეული მოსაზრებები, რომ ამერიკული პოლიტიკა, დასავლური პოლიტიკა როგორღაც ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას. მე ვიტყოდი ეს არ არის მხოლოდ არამეგობრული საუბარი, ეს უგულვებელყოფას გავს (აშშ-ის საგარეო პოლიტიკის. რედ)“, - ამბობს ჯონ ჰერბსტი.
„მესმის, რომ საქართველოს აქვს პრობლემა რუსეთთან; რომ რუსეთი საქართველოზე ბევრად ძლიერია იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც უკრაინაში რუსეთს უზარმაზარი პრობლემა აქვს... ეს სრულიად გასაგებია. თუმცა, უკრაინათან დისტანცია რუსეთთან დამატებით უთანხმოებას არ გამორიცხავს“, - განაგრძობს ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი.
აქვე, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის რჩევაა საქართველოს მიმართ, რომ „ვარდების რევოლუციის“ დროინდელ თავისუფლებებს დაუბრუნდეს“.