კიევი იმედოვნებს, რომ ლიზ ტრასის დანიშვნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად, ხელს შეუწყობს უკრაინა-ბრიტანეთის ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„24 თებერვლამდეც ყოველთვის ვგრძნობდით, რომ ბრიტანეთი უკრაინის გვერდით იდგა. რამდენიმე წელიწადში მართლაც მოვახერხეთ უკრაინულ-ბრიტანული ურთიერთობების უმაღლეს დონეზე აყვანა ჩვენი დამოუკიდებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში. ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი დონე ჩვენს ურთიერთობებში.
ჩვენ ხელი მოვაწერეთ ძალიან ამბიციურ პოლიტიკურ, თავისუფალი ვაჭრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას. ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ ჩვენს საზოგადოებებს შორის კავშირების გასაძლიერებლად - ეკონომიკური, სოციალური, კულტურული მიმართულებებით.
ჩვენ დავიწყეთ უკრაინის ფლოტის განახლების პროგრამა. ახლა კი, სრულმასშტაბიანი ომის დროს, ჩვენ შევთანხმდით უკრაინის აღდგენის პროგრამაში ბრიტანეთის მონაწილეობაზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.