კელი დეგნანი 12 ქართველის სანქცირებაზე: ინფორმაციას სანქციების დაწესებაზე წინასწარ არავინ ახმოვანებს

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგენტოს მხარდაჭერით 12 ქართველის სანქცირებისთვის იდენტიფიცირებულ პირთა სიაში შეყვანის ფაქტს გამოეხმაურა.

აშშ-ის ელჩის განცხადებით, კონკრეტული პირისთვის სანქციების დაწესებამდე, ინფორმაციის გახმაურება არ ხდება.

„ერთი რამ უნდა იცოდეთ, რომ სანქციები როცა წესდება, არ განიხილება წინასწარ და ამ ინფორმაციას არავინ ახმოვანებს. ეს ხდება  მხოლოდ მას შემდეგ, როცა სანქციები დაწესდება“, - განაცხადა დეგნანმა.

მისი თქმით, სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია და ეფექტურად მუშაობს. „სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამას ვხედავთ. სხვადასხვა სანქცია, რომელიც მსოფლიომ დააწესა, უკვე მუშაობს და გარკვეული რეაგირება აქვს რუსეთში“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.