საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ბელგიის სამეფოს საგარეო, ევროპულ საქმეთა, ვაჭრობის და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრთან, ჰადია ლაბიბისთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიმოიხილა როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები.
"მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობა, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავება მაღალი პოტენციალი.
ბელგიის მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ბელგიის სამეფოს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობას და იმედი გამოითქვა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. აღინიშნა ამ მნიშვნელოვან პროცესში ბელგიის სამეფოს მხარდაჭერის მნიშვნელობა.
ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავების საკითხზე საუბრისას მინისტრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში – „ევროპალია“ საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობის მნიშვნელობა, რაც კარგი შესაძლებლობაა საქართველოს და მისი კულტურის პოპულარიზაციისთვის არა მხოლოდ ბელგიის სამეფოში, არამედ ევროპის კონტინენტსა და მის მიღმა. შეხვედრაზე მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღინიშნეს მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პროცესში. ილია დარჩიაშვილმა ბელგიელი კოლეგა საქართველოში მოიწვია", - ნათქვამია ინფორმაციაში.