აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ თეირანში დაფუძნებულ კომპანია Safiran Airport Services-ს სანქციები დაუწესა. აშშ-ის ხელისუფლების მტკიცებით, ირანულ კომპანიას სანქციები რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო დაუწესდა.
აშშ-ს ცნობით, Safiran-ი „კოორდინაციას უწევდა რუსეთის სამხედრო ფრენებს ირანსა და რუსეთს შორის“, მათ შორის ირანული უპილოტო თვითმფრინავების, მასთან დაკავშირებული აღჭურვილობისა და პერსონალის ტრანსპორტირებას. აშშ ამტკიცებს, რომ შეკრებისა და ტესტირების შემდეგ, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალები უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსულ თვითმფრინავებთან ერთად ირანულ დრონებს იყენებდნენ.
„რუსეთი სულ უფრო სასოწარკვეთილ არჩევანს აკეთებს, რათა გააგრძელოს თავისი არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ჩვენი უპრეცედენტო სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის ფონზე,” - თქვა აშშ-ის ფინანსთა მდივნის მოადგილემ ბრაიან ნელსონმა.
ფინანსთა სამინისტრომ ასევე დაუწესა სანქციები თვითმფრინავების რამდენიმე ირანულ მწარმოებელს.
აგვისტოს ბოლოს The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, სამხედრო თვითმფრინავების პირველი პარტია გადასცა.