საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, გერმანიაში, აშშ-ის რამშტეინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალი მარკ მილი მასპინძლობდნენ. რამშტეინის ფორმატის შეხვედრაზე უკრაინაში არსებული ვითარება, ქვეყნის საჭიროებები და შესაძლებლობები, ასევე სამომავლო პერსპექტივები და უკრაინის დასახმარებლად NATO-ს წევრი თუ არაწევრი ქვეყნების შესაძლებლობები განიხილეს.
საკონტაქტო ჯგუფი მხარს უჭერს უკრაინას და გმობს რუსეთის გაუმართლებელ და აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა შეხვედრაში მონაწილე მხარეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა:
„ჩვენ ვაპირებთ გავაღრმაოთ ჩვენი საერთო გადაწყვეტილება, დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მიწვევის საფუძველზე დაესწრო. „შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო და განვიხილეთ უკრაინაში მიმდინარე სიტუაცია, ის შესაძლებლობები, სამომავლო პერსპექტივები, თუ რა შესაძლებლობებით შეიძლება დაეხმარონ ნატოს წევრი თუ არაწევრი ქვეყნები უკრაინას. ეს ჯგუფი აქტიურად განაგრძობს მუშაობას და დაეხმარება უკრაინას შესაძლებლობების განვითარებაში“.
რამშტეინის საჰაერო ბაზაზე გამართულ შეხვედრაში 50-მდე თანამოაზრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობდნენ. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა მეხუთედ, ხოლო რამშტაინის ბაზაზე მეორედ ტარდება.