ვაპირებთ, ხელი მოვაწეროთ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მასშტაბის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებას და პროტოკოლს. მჯერა, რომ ჩვენი ახალი შეთანხმება გააძლიერებს საქართველო-თურქეთის ურთიერთობებს და იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ჩვენს ქვეყნებს შორის მდგრადი ეკონომიკური პარტნიორობისთვის, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრმა, მეჰმედ მუშმა სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასი თბილისში“ განაცხადა, სადაც ფორუმი სახელწოდებით „დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის – სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები“ იმართება.
მისი თქმით, ფორუმზე თურქეთიდან საქართველოში ჩამოსულია 80-მდე კომპანიის წარმომადგენელი.
„დღეს ჩემთან ერთად არიან უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები. თურქეთიდან საქართველოში ჩამოსულია 80-მდე კომპანიის წარმომადგენელი ჩვენს ინვესტორებთან ერთად. კონფერენციას დაესწრება 100-მდე თურქი ბიზნესმენი. ეს იქნება მასშტაბური ღონისძიება გრძელვადიანი გეგმებისთვის. 2022 წლის აგვისტოსთვის ჩვენი ორმხრივი ვაჭრობა გაიზარდა 15 პროცენტზე მეტით და მიაღწია ორ მილიარდ დოლარს. ამჟამად თურქეთი არის პირველი უმსხვილესი ინვესტორი საქართველოში.
მე გავაგრძელებ ჩვენი კომპანიების მოწოდებას, რომ ჩადონ ინვესტიციები საქართველოს ნათელ მომავალში. როგორც თქვენ, ყველა იხილავთ დღეს, ჩვენ ვაპირებთ ხელი მოვაწეროთ ჩვენი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მასშტაბის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებას და პროტოკოლს. მე მჯერა, რომ ჩვენი ახალი შეთანხება, რომელიც ამიერიდან მოიცავს მომსახურებას და ინვესტიციებს, გააძლიერებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ჩვენს ქვეყნებს შორის მდგრადი ეკონომიკური პარტნიორობისთვის“, – განაცხადა მეჰმედ მუშმა.