პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის წესს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პლენარულ სხდომაზე რეგლამენტში შესატანი ცვლილებით, სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესის შესახებ იმსჯელეს და მხარი მესამე მოსმენით, 83 ხმით დაუჭირეს.

პარლამენტის განცხადებით, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტში შესატანი ცვლილებები ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი 12 პუნქტიდან მე-12 პუნქტის შესაბამისად, ახალი სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენის საკითხს ეხება და სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესის შემოღებას ითვალისწინებს.

აღნიშნული პუნქტი საქართველოსგან ახალი სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას მოითხოვს. ამასთანავე, რეკომენდაციის თანახმად, ახალი სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენის პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამოუკიდებელი კანდიდატისთვის უპირატესობის მინიჭება.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სპეციალური შეფასების სამუშაო ჯგუფის შერჩევასთან დაკავშირებით, კონსულტაციები გაიმართება.

„მესამე მოსმენის შემდეგ დაიწყება პროცედურები, შესარჩევი იქნება 9 კაციანი ჯგუფი და ამასთან დაკავშირებით, რეგლამენტის მიხედვით, მე, ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან პარლამენტში გავივლი კონსულტაციას. ამიტომ მნიშნელოვანია კონსტრუქციული თანამშრომლობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.