ყაზახეთი ნავთობპროდუქტებისა და გაზის ბაზრების დივერსიფიცირებასთან ერთად, გეგმავს, რომ შავი ზღვით მსოფლიო ბაზარზე, უფრო მეტი საკონტეინერო და სხვა ტიპის ტვირთი გაიტანოს. გასულ კვირას, ყაზახეთის ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა განაცხადა, რომ მთავრობა საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანისა და თურქეთის პორტებში შიდა ტერმინალური ქსელების შექმნის საკითხს განიხილავს.
Europetime-თან ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილი აცხადებს, რომ ამ პროექტის განხორციელება რეალურია. სამშენებლო ტენდერი 2023 წლის ბოლომდე გამოცხადდება, ხოლო ამ პროექტის სავარაუდო ჯამური ღირებულება $85 მილიონამდეა.
საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანისა და თურქეთის პორტებში შიდა ტერმინალური ქსელების შექმნაზე განცხადება, ყაზახეთის ინფრასტრუქტურის მინისტრმა გააკეთა. ეს ყველაფერი ემსახურება ინფრასტრუქტურის გაძლიერებასა და შესაბამისობაში მოყვანას, რაც ყაზახეთიდან დასავლეთის მიმართულებით სატრანზიტო დერეფანში ტვირთების დივერსიფიკაციისთვისაა საჭირო. ვგულისხმობ ტრანსკასპიური დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდას, რაც დღეს პრობლემაა. ამ მხრივ ხარვეზებია ყაზახეთის ინფრასტრუქტურაშიც, ასევე პრობლემები აქვს საქართველოსა და აზერბაიჯანის ინფრასტრუქტურას.
ET: რა უპირატესობა აქვს და როდის შეიძლება განახორციელოს ყაზახეთმა შიდა ტერმინალური ქსელების პროექტი?
საუბარია ფოთის პორტზე, თუმცა პროექტის დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, რადგან დიზაინი შემუშავების პროცესშია. თუმცა ყაზახეთისგან ამის გაცხადება, იმას ნიშნავს, რომ სურს პროცესის თანამმართველი იყოს. როგორც თავის დროზე ბათუმის ნავთობტერმინალი შეიძინეს და თავისი ნავთობის დივერსიფიკაციისთვის არხი შექმნეს, ამ ჭრილში სხვადასხვა ტვირთების დივერსიფიკაცია ერთიან ტერმინალში განიხილება. თუმცა ეს ჯერ იდეაა და მიმდინარეობს დაგეგმარების პროცესი. ამაზე კონკრეტიკა ახლა მიზანშეწონილი არ არის.
ET: პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ აპირებს ყაზახეთის ნავთობპროდუქტებისა და გაზის ბაზრის დივერსიფიცირებასა და ევროპის ბაზარზე გასვლას. საუბარია ყაზახური ნავთობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენში ჩატვირთვაზე. ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ შესაძლოა, ახალი ნავთობსადენიც აშენდეს. თუმცა ყაზახეთი საკმაოდ ფრთხილად ლაპარაკობს სამომავლო პროექტებზე.
ყველაზე მთავარი რაც მოხდა ისაა, რომ ყაზახეთმა მტკიცე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. ამ ქვეყანას სატრანსპორტო დერეფნების დივერსიფიკაცია სჭირდება. ერთ-ერთია ტრანსკასპიური დერეფანი, სადაც აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. ეს არის ყაზახეთის საკმაოდ თამამი ნაბიჯი.
ET: თუ ფლობთ უფრო ახალ ინფორმაციას, ან თუ არის ცნობილი, უფრო აქტიურად ამ მიმართულებით როდის დაიძვრება პროცესი?
როდის და როგორ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, რადგან ინფრასტრუქტურა სასურველ გეგმებთან შეუსაბამოა. ამიტომ პატარა ნაბიჯებიც რომ გადაიდგას და 5-10 წელიწადში მოხდეს იმ ტვირთების მოცულობის გაორმაგება, რაც დღეს ტრანსკასპიურ დერეფანში მოძრაობს, ესეც სერიოზული ნაბიჯია.
ET: რა შეუსაბამობაზეა საუბარი და რატომ არ გადაწყდა ეს პრობლემები ამ დრომდე?
- აქამდე ეს პრობლემები არ წყდებოდა, რადგან ყაზახეთის მხრიდან არ იყო პოლიტიკური ნება. ყაზახეთის როლი მნიშვნელოვანია, რადგან აქ ფორმირდება ტვირთები და ეს ქვეყანაა ჩინური ტვირთების გამტარიც. რადგან ეს გადაწყვეტილება მიღებულია, ჩვენი სურვილია, რომ საქართველოზე მეტმა ტვირთმა გაიაროს. იწყება სხვადასხვა პროექტები, იხსნება კერძო ტერმინალები. ასევე იგეგმება სახელმწიფო პროექტების განხორციელება ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით. ეს პროექტები უკვე ინტენსიურად არის ყაზახეთის მთავრობის ყურადღების ქვეშ. შესაბამისად ეს მიეხმარება საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც, რომ რიგი გადაწყვეტილებები ამ პროექტებთან მიმართებით უფრო სწრაფად მიიღონ, რადგან ნებისმიერ პროექტს სტაბილური მიწოდება და კონკრეტული რაოდენობის ტვირთი სჭირდება.
ეს გადაწყვეტილება მიღებულია და მის აღსრულებაზე მიდის მუშაობა. საქართველოს პორტებშიც იგეგმება გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ქსელური ტერმინალი მხოლოდ ნაწილია. საგულისხმოა, რომ ეს პროექტები ადრე იყო ჩაფიქრებული თუმცა, მანამდე არ იყო ყაზახეთის პოლიტიკური ნება და შესაბამისად, რთული იყო მათი განხორციელება. ახლა კი გარკვეული პროექტები სწრაფად დაიწყება, ზოგი კი დაიგვიანებს. თუმცა ჯამში, პროცესი დაძრულია. პოლიტიკური ნება ყველა ქვეყანას აქვს და უმოკლეს დროში, ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგმება.
ET: ქსელური ტერმინალების პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ამ ტერმინალით რა ტვირთები გადაიზიდება?
ამ შემთხვევაში არ არის საუბარი ნავთობტერმინალზე, არამედ აქ სხვა ტვირთები გაივლის. თუმცა, მომავალში არ გამოვრიცხავ, რომ ამ მიმართულებითაც გაკეთდეს აქცენტი. ეს ტერმინალი, რა პროექტზეც ახლა ყაზახეთი საუბრობს, საკონტეინერო და სხვა ტიპის ტვირთებს მოემსახურება, რომლის გადაზიდვის ინფრასტრუქტურა დღეს არ არსებობს. ტვირთები ფოთის პორტის ყაზახურ ტერმინალში კასპიის ზღვით და შემდეგ შუა დერეფნის გავლით მოხვდება. სამიზნეა შავი ზღვით გავლით მსოფლიო ბაზარზე წვდომა.
ET: სატრანზიტო ფუნქციის გარდა, კიდევ რა მიმართულებით არის საქართველო ყაზახეთისთვის მიმზიდველი?
ყაზახეთისთვის ამ შემთხვევაში ყველაზე კრიტიკულია მსოფლიო ბაზრებზე ტვირთების გატანა. დანარჩენი უკვე კომერციული ნაწილია... ტურიზმი და ა.შ. საქართველო ყაზახეთისთვის დიდი ბაზარი არ არის და ამ კუთხით ვერ დავაინტერესებთ, თუმცა გარკვეული პროდუქციის დივერსიფიკაციისთვის, მაგალითად როგორიცაა სასმელი წყალი ეს მნიშვნელოვანია. თუ გამოვყოფთ მთავარ საკითხს, ყაზახეთისთვის საქართველო მსოფლიო ბაზარზე ტვირთების წვდომისთვისაა მნიშვნელოვანი და აქ მთავარი ტრანსკასპიური დერეფანია.