სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, სუს-ის საქმიანობის შედეგად საქართველოში დიპლომატიური საფარით მოქმედმა და მათთან კავშირზე მყოფმა პირებმა ქვეყანა დატოვეს, ხოლო გარკვეული ნაწილის მიმართ ქვეყანაში შემოსვლის შეზღუდვის მიზნით, სასაზღვრო კონტროლის მექანიზმები გამოიყენეს.
მისი თქმით, უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობის განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების თითქმის ყველა ასპექტი წარმოადგენდა.
„სამსახურის მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა საქართველოს თავდაცვის ძალების და სხვა ძალოვანი უწყებების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფა, მათ წინააღმდეგ მიმართული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თავიდან ასარიდებლად. ოპერატიული საქმიანობის პროცესში გამოვლენილი პირების მიმართ გატარდა შესაბამისი ღონისძიებები უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან და მათთან შესაძლო კავშირის დადგენის, ასევე მათი მხრიდან ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული ქმედებების თავიდან ასაცილებლად. საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმღებ პირებს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდათ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს მიმდინარე პროცესების, იდენტიფიცირებული სახიფათო ტენდენციებისა და გამოკვეთილი საფრთხეების შესახებ.
სტრატეგიულ პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაციით, უსაფრთხოების საკითხებზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება ეყრდნობოდა საფრთხეების და რისკების შეფასებასა და დეტალურ ანალიზს. უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების თითქმის ყველა ასპექტი, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის დეტალები, სამხედრო საკითხები, პოლიტიკური ძალებისა და მათი ლიდერების საქმიანობა, ეკონომიკური პროექტები, საკანონმდებლო რეფორმები, საზოგადოებისა და საექსპერტო წრეების განწყობები, მიგრაციული პროცესები და სოციალური თემები. საანგარიშო პერიოდში უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურები აქტიურ ინტერესს იჩენდნენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და თავდაცვის სისტემების ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოების პროცესის მიმართ“, - განაცხადა ლილუაშვილმა.