"მოვუწოდებთ რუსეთს, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება შეწყვიტოს და ჯარი გაიყვანოს", - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
„ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება და გაიყვანოს საკუთარი ჯარი. “ - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
მისივე თქმით, ნატო მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.
„მივესალმებით პროგრესს, რასაც საქართველო რეფორმების განხორციელების კუთხით აღწევს. თქვენმა ქვეყანამ შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისა და დემოკრატიის გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და მოგიწოდებთ, გააგრძელოთ თქვენი ყველა შესაძლებლობის გამოყენება იმისთვის, რომ ნატოს კიდევ უფრო დაუახლოვდეთ და მისი წევრობისთვის მოემზადოთ. საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ შეგვიძლია ყველამ ვიამაყოთ იმით, რასაც ერთად ვაკეთებთ და თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ იმით, რასაც ჩვენი ერთობლივი უსაფრთხოებისთვის აკეთებთ“,- აღნიშნა სტოლტენბერგმა.