რუსეთმა, აზერბაიჯანმა და ირანმა ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესახებ, დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
ბაქოში, რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანის მთავრობების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალის უფრო ეფექტური გამოყენებისა და განვითარების საკითხები განიხილეს.
მოლაპარაკებების შემდეგ სამი ქვეყნის წარმომადგენლებმა დერეფნის განვითარების შესახებ დეკლარაციას მოაწერა ხელი.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა შაჰინ მუსტაფაევმა, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა, ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრმა რუსტამ გასემმა.
დეკლარაციის თანახმად, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო შესაძლებლობების შეფასებისა და ანალიზის სფეროში ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის სრულად გამოყენების მიზნით ითანამშრომლონ.
მხარეებმა გამოაცხადეს მზადყოფნა სამი ქვეყნის ტერიტორიებს შორის, 30 მილიონი ტონა სატრანზიტო და ორმხრივი სატვირთო მიმოსვლის განხორციელებისთვის 2030 წლამდე რიგი საკითხები გადაწყვიტონ.
სატრანსპორტო და სატრანზიტო ოპერაციების, ვაჭრობის პროცედურების გამარტივების მიზნით, იგეგმება ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლის შეხვედრაც მომდევნო თვეში უნდა გაიმართოს.
მიღწეულია შეთანხმება, რომ ჯგუფის მოახლოებული შეხვედრისთვის მომზადდება რაშტ-ასტარას რკინიგზის შესახებ შეთანხმების პროექტი და შესაბამისი მოლაპარაკებების დაწყება 2022 წლის ბოლოსაა მოსალოდნელი.
ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი 2000 წლის 12 სექტემბერს რუსეთს, ირანსა და ინდოეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად შეიქმნა. შემდგომ წლებში ამ პროექტში მონაწილეობა მიიღო კიდევ 10 ქვეყანამ, მათ შორის აზერბაიჯანმა და თურქეთმა.
ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი შექმნილია ინდოეთიდან რუსეთში, ასევე ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში საქონლის ტრანსპორტირების დროის შესამცირებლად.