რომეო მიქაუტაძე: 2022 პირველი წელია, როდესაც ჰიდროელექტროსადგურებიდან წყალი უქმად არ დაირღვა და ყოველი კუბური მეტრი ელექტროენერგიის გამომუშავებისათვის გამოვიყენეთ

„100 წლის წინ, თბილისთან ახლოს, ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა. საუკუნის შემდგომაც ზაჰესი უსაფრთხოდ და რაც მთავარია უწყვეტად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკას, ჩვენი მოსახლეობის ენერგომომარაგებას. ზაჰესი კარგი მაგალითია იმისა, რამდენად უსაფრთხო და მნიშვნელოვანია ასეთი ობიექტები, მით უფრო იმ ფონზე, რომ მას შემდეგ განვითარდა სამშენებლო ტექნოლოგიები და მასალები,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. 

საქართველოს ენერგეტიკაში არსებული ვითარების მიმოხილვისას, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ელექტროენერგეტიკულ ბალანსზე და აღნიშნა, რომ ადგილობრივი გენერაციის ორმესამედზე მეტი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის, ხოლო მიმდინარე წლის მონაცემებით, საერთო გამომუშავებაში ჰიდროელექტროსადგურების წილმა 82%-ს მიაღწია, მათ შორის, თითქმის 42% მარეგულირებელ სადგურებზე მოვიდა.

„ელექტროენერგეტიკული ბალანსის თვალსაზრისით 2022 წელი, შეიძლება ითქვას, რეკორდულია მთელი რიგი პარამეტრებით: გასული 8 თვის მონაცემებით ადგილობრივმა გენერაციამ თითქმის 10 მლრდ. კვტ სთ-ს მიაღწია, რაც გასული წლების ანალოგიური პერიოდის მაქსიმუმია. ის 23%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 13%-ით - 2018 წლისას, როდესაც გამომუშავების მაქსიმუმი დაფიქსირდა. გარდა ამისა, 10 მლრდ. კვტ.სთ-ს გადააჭარბა ადგილობრივმა მოხმარებამ, რაც, ასევე, გასული წლების ანალოგიური პერიოდის მაქსიმალური მაჩვენებელია და 8%-ით აღემატება შარშანდელ ნიშნულს,“ - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.

ამავე დროს, მისი თქმით, 32 პროცენტით შემცირდა იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტმა 890 მლნ. კვტ სთ შეადგინა. გარდა ამისა, 2022 წელია პირველი წელი, როდესაც არ მოხდა ჰიდროელექტროსადგურებიდან წყლის უქმად დაღვრა და ყოველი კუბური მეტრი გამოყენებულ იქნა ელექტროენერგიის გამომუშავებისათვის. მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2022 პირველი წელია, თურქეთთან დამაკავშირებელი ხაზი „მესხეთი“ მაქსიმალურად დაიტვირთა და ახორციელებს როგორც ტრანზიტს, ასევე, ექსპორტს.

მინისტრის მოადგილის თქმით, ბოლო ათწლეულში საქართველოს ენერგოსისტემას შეემატა ახალი ენერგეტიკული ობიექტები. მათ შორის, 55 ჰესი, 2 თბოსადგური და ერთი ქარის ელექტროსადგური.