ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) დაადასტურა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, გაციებისთვის საჭირო სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზი აღდგა.
„ატომური ელექტროსადგურის (ZNPP) სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზი აღდგენილია, რაც უზრუნველყოფს სადგურს გარე ელექტროენერგიით, რომელიც მას სჭირდება რეაქტორის გაგრილებისთვის და უსაფრთხოების სხვა ფუნქციებისთვის“, - წერს IAEA Twitter-ზე.
უკრაინის ელექტროგადამცემი სისტემის ოპერატორის, უკრენერგოს სარემონტო ეკიპაჟებმა ZNPP-ს მიაწოდეს ელექტროენერგია, რომელიც ქარხნის რეაქტორების უსაფრთხო მუშაობისთვის აუცილებელია.
მანამდე, მე-6 ენერგობლოკი ელექტროქსელიდან გაითიშა. მზადება მიმდინარეობდა მისი გაგრილების მიზნით და ცივ მდგომარეობაში გადასაყვანად.
ზაპოროჟიეს ელექტროსადგური რუსული ძალების კონტროლქვეშ მარტიდან იმყოფება, ოპერირებას უკრაინული პერსონალი უზრუნველყოფს.
6 სექტემბერს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) განაცხადა, რომ მათმა ინსპექტორებმა, რომლებიც უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში იმყოფებოდნენ, ობიექტზე რუსეთის ბირთვული სააგენტოს „როსენერგოატომის“ ექსპერტთა ჯგუფის წევრები დააფიქსირეს.
IAEA-ის ექსპერტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პირველ სექტემბერს ჩავიდნენ. მისიის ოთხი წევრი სადგურზე კვირის ბოლომდე დარჩა, მათგან ორი, ობიექტზე მუდმივად იქნება.