უკრაინის ხელისუფლებამ შეერთებული შტატებისგან, შორი დისტანციის სარაკეტო სისტემების მიწოდება ითხოვა. ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც უკრაინის მთავრობამ ამერიკელ კონგრესმენებს გაუგზავნა.
როგორც The Wall Street Journal წერს, დოკუმენტში ჩამოთვლილია 29 ტიპის იარაღი და საბრძოლო სისტემა, რომელიც, კიევის თქმით, „2023 წელს შეტევის გასაგრძელებლად“ სჭირდება.
სიაში შედის მიწა-მიწა ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები (ATACMS) 300 კილომეტრამდე დიაპაზონით, ტანკები, თვითმფრინავები, საარტილერიო სისტემები, Harpoon ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, ასევე ორი ათასი რაკეტა HIMARS მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის.
ახალი იარაღის მიწოდების შესახებ მოთხოვნა უკრაინამ, ხარკოვის რეგიონში უკრაინული ძალების წარმატებული კონტრშეტევის ფონზე გაგზავნა. „მთლიანობაში, პირველიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს მათი ტერიტორიის თითქმის ექვსი ათასი კვადრატული კილომეტრი“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა.
7 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ და უმაღლესი რადას თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა მიხაილ ზაბროდსკიმ გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინას სჭირდებოდა შორი მოქმედების იარაღი, მათ შორის ATACMS, რათა ომის მსვლელობაში გარდატეხა შეეტანათ.
მანამდე, The Wall Street Journal-ი იხსენებს, რომ ვაშინგტონმა უარი თქვა კიევისთვის შორი დისტანციის სარაკეტო სისტემების მიწოდებაზე იმის შიშით, რომ უკრაინას შეეძლო ამ სისტემის გამოყენება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმისთვის და ესკალაციის გასაძლიერებლად.
გამოცემის შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას უკვე გაუგზავნა $15 მილიარდზე მეტი ღირებულების იარაღი და უსაფრთხოების სხვა დახმარება.