უკრაინა სომხეთსა და აზერბაიჯანს კონფლიქტში რუსეთის შუამავლობას უბადრუკს უწოდებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა მოუწოდებს ბაქოსა და ერევანს კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარებისკენ საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.
„ამავდროულად, ჩვენ აღვნიშნავთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან რაიმე შუამავლობისა და სამშვიდობო ძალისხმევის უბადრუკობას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის უუნარობას ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით“, – განაცხადა ნიკოლენკომ.
13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია.
13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.