ევროკავშირი მოუწოდებს აზერბაიჯანსა და სომხეთს, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, ასევე სრულად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს განაგრძოს პატიოსანი შუამავლის როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რათა დაეხმაროს საერთო მიზნის მიღწევაში, რაც ყველა ხალხის საკეთილდღეოდ, უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი სამხრეთ კავკასიის შექმნას ემსახურება“, - თქვა მან.
ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარი, დაუყოვნებლივ გაემგზავრება ორ ქვეყანაში, რათა მხარი დაუჭიროს აუცილებელ დეესკალაციას და ბრიუსელში ბაქოსა და ერევანს შორის დიალოგის პროცესში შემდეგი ნაბიჯები განიხილოს.
მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლზ მიშელთან სატელეფონო საუბარი გამართა.
13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია.
13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და ასევე, გაეროს მიმართა.