აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია იმის გამო, რომ უკრაინიდან ყურადღების გადატანის მიზნით, რუსეთი შესაძლოა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის განზრახ გაღვივებას ცდილობდეს. ამის შესახებ Reuters წერს.
ბლინკენმა მხარეებს „საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ“ მოუწოდა.
„ცდილობს თუ არა რუსეთი რაიმე ფორმით განზრახ დაპირისპირების გამოწვევას უკრაინიდან ყურადღების გადატანის მიზნით, ეს ისაა, რაც ჩვენ ყოველთვის გვაშფოთებს“ , - განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტს.
მისი თქმით, რუსეთს ასევე შეუძლია რეგიონში თავისი გავლენა გამოიყენოს და მშვიდობის აღდგენაში დაეხმაროს.
აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო.
13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.