NATO-ს მოკავშირე 12 ქვეყნის მონაწილეობით ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო-საზღვაო წვრთნები - Dynamic Mariner-Mavi Balina 22 მიმდინარეობს.
NATO-ს განცხადებით, კრიზისზე რეაგირების სწავლება - Dynamic Mariner, თურქეთის საზღვაო ძალების 12 მოკავშირე ქვეყნის მონაწილეობით მიმდინარე წვრთნებთან - Mavi Balina-სთან ერთად ტარდება.
სამხედრო-საზღვაო წვრთნები, რომელიც 11 სექტემბერს დაიწყო მუღლას მარმარისის რაიონში, აქსაზის საზღვაო ბაზაზე 22 სექტემბერს დასრულდება.
„ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას თურქეთთან და სხვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან აგრესიის შესაჩერებლად და ალიანსის დასაცავად“, - ნათქვამია NATO-ს განცხადებაში.
წვრთნები წელს უფრო მასშტაბურია. სწავლებაში NATO-ს 12 ქვეყნიდან 50 ზედაპირული ელემენტი, 5 წყალქვეშა ნავი, საზღვაო საპატრულო თვითმფრინავი და ვერტმფრენების ჩათვლით 5 საჰაერო ელემენტი და 1 500 ჯარისკაცი მონაწილეობს.
წვრთნებში თურქეთის გარდა ბელგია, ბულგარეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, პოლონეთი, რუმინეთი, ესპანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები მონაწილეობენ.