სომხეთის ინიციატივით გამართულ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ ) საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე გადაწყდა, რომ ორგანიზაცია, სომხეთში ვითარების შესაფასებლად მსიას გაგზავნის.
როგორც ОДКБ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია აღნიშნული, სესიის დღის წესრიგის თანახნად, განიხილეს „სიტუაციის გამწვავება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გარკვეულ რაიონებში და ვითარების მოგვარების მიზნით დახმარების საკითხები“.
„სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ გარკვეულ რაიონებში შექმნილი ვითარების შესახებ, სადაც 2022 წლის 13 სექტემბრის შუაღამედან ადგილი ჰქონდა სამხედრო შეტაკებებს. მძიმე იარაღისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაჭრილები. შეხვედრის მონაწილეებმა სომხურ მხარეს მიუსამძიმრეს.
სესიაზე მიღწეული იყო შეთანხმება სომხეთში ОДКБ -ს მისიის გაგზავნაზე, გენერალური მდივნის სტანისლავ ზასის ხელმძღვანელობით, ОДКБ -ს გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალ-პოლკოვნიკი ანატოლი სიდოროვისა და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობით. არსებული ვითარების შესაფასებლად, უნდა მომზადდეს დეტალური ანგარიში სახელმწიფოს მეთაურებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს მომდევნო სესიაზე (რომელიც დაგეგმილია შემოდგომაზე ერევანში) რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ, რათა მოხდეს ვითარების დეესკალაცია.
შეხვედრაზე ასევე შეთანხმდა წინადადება სამდივნოს თანამშრომლებისა და გაერთიანებული შტაბის სამხედრო მოსამსახურეებისგან სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც მუდმივად აკონტროლებს ვითარებას ОДКБ-ს პასუხისმგებლობის სფეროში“, - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.
აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო.
13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.