ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე დღეს, მესაზღვრეებს შორის შეტაკება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველმა, ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა გაავრცელა. ინციდენტი ყირგიზეთის ბატკენის რეგიონის, ბულაკ-ბაშის რაიონში მოხდა.
მხარეები, მომხდარ ინციდენტში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ამის შესახებ სააგენტო „ფერგანა“ წერს.
რაც შეეხება ორივე მხრიდან დაშავებულებსა და დაჭრილებს, ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. იმავდროულად, Asia-Plus-ის Telegram არხი ვორუხ ჯამოათის საავადმყოფოს თანამშრომლებზე დაყრდნობით, ერთი ტაჯიკი მესაზღვრის გარდაცვალებას იტყობინება. 5 მედია გამოცემა კი წერს, რომ მესაზღვრე დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის საზღვრის სიგრძე 976 კმ-ია, საიდანაც მხოლოდ 600 კმ-ია შემოსაზღვრული. სასაზღვრო ზონის მოსახლეობას შორის, სადავო ტერიტორიების გამო კონფლიქქები ზშირად ხდება.
ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტი, რომელიც გასული წლის 28 აპრილს დაიწყო, შეიარაღებულ შეტაკებაში გადაიზარდა, რომელშიც ორი ქვეყნის მესაზღვრეები მონაწილეობდნენ. ყირგიზეთის მხარეს ოთხდღიანი დაპირისპირების დროს 189 ადამიანი დაშავდა, 36 დაიღუპა. ტაჯიკეთიდან შეტაკებას ემსხვერპლა 19 მოქალაქე, დაშავდა 87.
ბოლო თვეების განმავლობაში, საზღვრის არამარკირებულ მონაკვეთებზე რეგულარულად იმართება შეტაკებები ორი ქვეყნის მესაზღვრეებს შორის, სადაც მხარეები ერთმანეთს კონფლიქტების დაწყებაში ადანაშაულებენ.